დავით ნარმანია – ალილო ტრადიციული და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ “ალილოს” მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
საკრებულოს შენობასთან დედაქალაქის მერი “ალილოს” მონაწილეებს ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დახვდა, რის შემდგაც მათთან ერთად მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
დავით ნარმანიამ ალილოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თბილისის მერის რანგში იგი წელს პირველად მონაწილეობს ალილოში, რათა დედაქალაქის მთავრობასთან და საკრებულოსთან ერთად თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ტრადიციულ მსვლელობაში.
დავით ნარმანიამ მნიშვნელოვანი უწოდა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ოჯახის სიმტკიცის, ძალადობის საკითხთან მიმართებაში. მისი თქმით, ოჯახური ძალადობის დიდი ნაწილი სოციალურ ნიადაგზეა წარმოშობილი, რისი ერთ-ერთი მიზეზი უმუშევრობაა.
„საქართველოში ადამიანებმა ერთმანეთისთვის მიტევება უნდა ვისწავლოთ. აგრესიას აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ. თითოეული ჩვენთაგანის ვალია მეტი ვიმუშაოთ, ვიაქტიუროთ, რათა უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, პროექტები, რომელსაც მერია ახორციელებს, უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაზეა ორიენტირებული, რათა მათ ოჯახებში მეტი შემოსავალი გაჩნდეს. მისივე თქმით, შეჭირვებული ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად სოციალური პროექტებიც.