თუ რამე დამემართა, ამ ტაძრის ეზოში დამკრძალეთ – რას ამბობდა მამა ილია ევროპაში გამგზავრებამდე

 

    იცოდეთ, თუ რამე დამემართა, ამ ტაძრის ეზოში, აი, ამ ადგილას უნდა დამკრძალოთ, – აღნიშნული სიტყვები ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრისას გარდაცვლილ მამა ილია კარტოზიას ეკუთვნის.
როგორც „კვირასთან“ მამა ილია კარტოზიას მოძღვარი, ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ჯგუშია ჰყვება, აღნიშნული სიტყვებით მამა ილიამ სიწმინდეების მოსალოცად ბარიში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში, ამავე მონასტრის მორჩილებს მიმართა.
მამა გიორგის თქმით, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილებმა მამა ილიას დანაბარები ზუგდიდში, მამა ილიას მშობლიურ სახლში სტუმრობისას გაიხსენეს.
დეკანოზი გიორგი მამა ილიას მოძღვარი იქამდე იყო, ვიდრე მამა ილია ბერად აღიკვეცებოდა.
დეკანოზი „კვირასთან“ იხსენებს, რომ მამა ილია სტიქარით 14 წლის ასაკში შემოსეს.
სწორედ მამა გიორგის გაუმხილა პირველად მამა ილიამ, რომ სასულიერო ცხოვრების დაწყება სურდა და მისგან ამისთვის ლოცვა-კურთხევა ითხოვა.
„მისი ოჯახი ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. დაახლოებით მეშვიდე კლასში იქნებოდა, როცა ტაძარში აქტიურად დაიწყო სიარული, ცოტა ხანში სტიქარით შევმოსეთ. ძალინ ცოცხალი, დაუზარელი ბავშვი იყო. სკოლა რომ დაამთავრა, საფარის მონასტერთან არსებულ გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. 18 წლის ასაკში ბერად აღკვეცა გადაწყვიტა. გადაწყვეტილების შესახებ ჩემთან ჰქონდა საუბარი. რჩევა მივეცი, ისიც ვუთხარი, ოჯახის წევრებსაც დაელაპარაკე, აუცილებლად აუხსენი, რატომ გინდა ამ გზას დაადგე – მეთქი. ბერად აღკვეცის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში მსახურობდა, შემდეგ ისევ მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრში გააგრძელა მოღვაწეობა, ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა და  თავადაც ფიზიკურად მონაწილეობდა მის დასრულებაში. ამით სხვებსაც მაგალითს აძლევდა. უამრავი ადამიანი დაუდგა გვერდში და ტაძარიც მალევე აშენდა“, – აცხადებს „კვირასთან“ ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის წინამძღვარი.
დეკანოზმა გიორგიმ მამა ილია ბოლოს რამდენიმე თვის წინ, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრში ნახა, სადაც მამა ილიას მიერ აღვლენილ წირვას დაესწრო.
ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრის ევაკუაციის დროს გარდაცვლილი მამა ილიას დედა და ძმა ზუგდიდში ცხოვრობენ. ბორანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათთან უამრავი მოქალაქე და სასულიერო პირი მივიდა თანაგრძნობის გამოსახატავად.
მათ შორის იყვნენ დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილები. მათ მამა ილია ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა. „მორჩილებმა, რომლებიც კარტოზიების ოჯახში თანაგრძნობის გამოსახატავად ჩამოვიდნენ, მამა ილიას ნათქვამი გაიხსენეს. მათი თქმით, მამა ილიამ მათ მონასტის ეზოში უთხრა – ხომ იცით, თუ რამე დამემართა, აი, ამ ადგილას უნდა დამკრძალოთო, – და კონკრეტულ ადგილზე მიუთითებია“, – ამბობს დეკანოზი გიორგი.
მამა ილიას დედა და უმცროსი ძმა დარჩა.
„ამდენი ბერი, მონაზონი ჩამოდის, ეპისკოპოსი მობრძანდა, მათ ანუგეშებენ. სიკვდილი არ არსებობს! არსებობს გარდაცვალება, მიწისაგან აღებულს, ისევ მიწას ვუბრუნებთ, ყველა ჩვენგანის უკვდავი სული ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. როცა ამ რწმენით არის ადამიანი, მას გაცილებით ნაკლებად სტკივა. ამ წუთისოფელში მოგვაკლდა ის. თავისთავად ცხადია, ეს ტკივილია, ამ განცდას ვერ გავექცევით, მაგრამ დიდება ღმერთს! მამა ილიამ მასზე დაკისრებული მისია, რომ დაელოცა ადამიანი და ღვთის მადლით გაემხნევებინა, ელოცა – ბოლო წუთამდე პირნათლად შეასრულა“, – ამბობს მამა გიორგი.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკს“, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა, ცეცხლი 28 დეკემბერს გაუჩნდა. მაშველებმა გემიდან მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. სულ გემზე 400-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, მათგან რვა საქართველოს მოქალაქე იყო. შვიდის გადარჩენა მოხერხდა. მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა სასულიერო პირმა სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, მოგვიანებით კი, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა.

10904888_332664356939754_435378176_n 10877617_332664393606417_654461930_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები