თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია 10 იანვარს განხორციელდება
25 ხმა 3 -ს წინააღმდეგ – ასეთი შედეგით დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის საკითხი გადაწყვიტეს. გადაწყვეტილების თანახმად, მომავალი წლის 10 იანვრისთვის აღნიშნული სააგენტოს ლიკვიდაცია განხორციელდება. თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის საკითხი სხდომაზე თბილისის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა სოფიო სოხაძემ წარმოადგინა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის მერის 24 დეკემბრის განკარგულებით. სტრუქტურა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს სააგენტოს ლიკვიდაცია 10 იანვარს. როგორც დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, აღნიშნული ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უყურებს თვითმმართველობა მსგავს საკითხებს.
აბესაძის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის კანონით საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა ცენტრის დაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება.
მისი შეფასებით, ეს წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას, რადგან ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ თვითმმართველობისათვის ტრანსფერი უნდა გამოყოს. აბესაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის დაფინანსება, როცა იგი მის დაქვემდებარებაში არ არის, დაუშვებელია.