სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის ზონის სტატუსი შეეცვალა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება შეიტანა, რომლითაც სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტის დაცვის ზონას სტატუსი შეეცვალა. ეს ზონა როგორც საქმიან და საცხოვრებელ ზონად ჩამოყალიბდა.
საკითხს დღევანდელ სხდომაზე ორჯერ უყარეს კენჭი. საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციები და მათ შორის ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელები” ითხოვდნენ სოლოლაკის ქედისათვის ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხი 10 დღით გადაედოთ, რათა ექსპერტებს, ურბანისტებს, არქიტექტორებს, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შესაძლებლობა ჰქონოდათ გაცნობოდნენ “პანორამა თბილისის” პროექტს.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ასევე თბილისის საკრებულოს სხდომაზე გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხის წარმდგენმა, არქიტექტურის სამსახურის ქალაქის დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსმა ოთო ნემსაძემ განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროშია შესული. მისივე თქმით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეს დოკუმენტაცია გამოითხოვონ. ოთო ნემსაძემ ასევე დასძინა, რომ პროექტს გააჩნია ყველა საჭირო დასკვნა, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი და შესაძლებლად მიაჩნია ამ პროექტის განხორციელება. საკითხის განხილვას სხდომაზე ასევე თვალყურს ადევნებდნენ ასევე სხვადასხვა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე კონკრეტული ტერიტორიის ზონის ცვლილების საკითხს იხილავდნენ და არა “პანორამა თბილისის” პროექტს. კერძოდ, მისი თქმით, ლანდშაფტის ცვლილების საკითხი “პანორამა თბილისის” პროექტთან მიბმული არ არის და ამ პროექტის განხილვა და მსჯელობა შემდგომაც შეიძლება.