სირიაში ისლამისტების მსხვერპლთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ისლამისტების მსხვერპლთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს აღმოსავლეთ სირიის პროვინცია დეირ-ეს-ზორში. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იუწყება.
საძმო სასაფლაოს სოფელ ალ-ბაჰრას მოსახლეობა წააწყდა. ექსჰუმაციის შედეგად 70 ადამიანის გვამია აღმოჩენილი. სირიის სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა შუაიტატის თემს მიეკუთვნებოდა, რომელთა წარმომადგენლები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „ან-ნუსრას ფრონტის“ რიგებში იბრძოდნენ. გვამებს ცეცხლსასროლი ჭრილობები ამჩნევია, ზოგ მათგანს კი თავი აქვს მოკვეთილი.
შეგახსენებთ, ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის და სირიის ტერიტორიების ნაწილი დაიპყრო და 2014 წლის ზაფხულში ამ ტერიტორიებზე „ხალიფატი“ გამოაცხადა. „ისლამური სახელმწიფო“ ერთდროულად სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეების ჯგუფებს, მათ შორის „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულ „ან-ნუსრას ფრონტს“ ებრძვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები