პოროშენკოს რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან შეხვედრა სურს

უკრაინის პრეზიდენტს პიოტრ პოროშენკოს რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებთან შეხვედრა სურს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პოროშენკოს შეთავაზებას მიიღებენ, შეხვედრა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 15 იანვარს გაიმართება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრის მთავარი აქცენტები უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთდება. განიხილავენ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესაძლო გზებსაც.
„იმედი გვაქვს, რომ დეესკალაციის პირობებში არ გამწვავდება ვითარება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაიწყებს ახალ კონფრონტაციას, უკრაინა ერთი წუთითაც არ დაიხევს უკან და საბრძოლო მდგომარეობას გამოაცხადებს”, -განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, წინა კვირაში რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამართულ წლიურ მოხსენებაზე პუტინმა სიმაყით განაცხადა, რომ მოხარული იყო ყირიმის რუსეთთან შეერთებით. ნატო კი დაადანაშაულა, რომ მას უკრაინის კონფრონტაციის ზონად გადაქცევა სურდა.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიას დასავლეთი არ აღიარებს. მიიღებს თუ არა ვლადიმერ პუტინი პოროშენკოს მიწვევას ყაზახეთში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები