„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ იორდანიის საჰაერო ძალების გატაცებული მფრინავის ინტერვიუ გამოაქვეყნეს
დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიაში 24 დეკემბერს დატყვევებულ იორდანელ მფრინავთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნეს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, საუბარი სამხედრო მფრინავთან ინგლისურენოვანი ჟურნალ „Dabiq“-ის ელექტრონულ ვერსიაში გამოქვეყნდა. ამ ჟურნალს ჯიჰადისტები პროპაგანდისთვის და ახალი ისლამისტების გადაბირებისთვის იყენებენ.
26 წლის მფრინავმა, ლეიტენანტმა მუაზ ალ-კასასბეჰმა განაცხადა, რომ მისი გამანადგურებელი F-16 სირიის ქალაქ რაკას მახლობლად რაკეტით იქნა ჩამოგდებული. კასასბეჰის თქმით, მისი ამოცანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ჩახშობა და „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების მიმართ დარტყმების განმახორციელებელი თვითმფრინავების გადაფარვა იყო.
ჯიჰადისტებმა განაცხადეს, რომ მათ იორდანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდება სირიის პროვინცია რაკაში და მფრინავის ტყვედ აყვანა 24 დეკემბერს შეძლეს. იორდანიის სამეფომ სამხედროს ტყვედ აყვანის ფაქტი დაადასტურა. დაპყრობის მეორე დღეს კასასბეჰის მამამ ჯიჰადისტებს ძმები უწოდა და სთხოვა მის შვილს როგორც სტუმარს ისე მოექცნენ.
ცნობისთვის, იორდანია იმ საერთაშორისო კოალიციის წევრია, რომელი ერაყში და სირიაში „ბოევიკების“ პოზიციების მიმართ ავიადარტყმებს ახორციელებს.