წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გახსნა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, წმინდანის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, საზოგადოება სხვადასხვა მთავრობას წლების განმავლობაში მიმართავდა, აწყობდა აქციებსა და გამოსვლებს, თუმცა – უშედეგოდ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი ხელისუფლების პირობებში, ოთხი თვის წინათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო.
„სამუშაოების დაწყებამდე ძეგლის კვარცხლბეკი და მიმდებარე ტერიტორია, პრაქტიკულად, დანგრეული იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა კვარცხლბეკი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კვარცხლბეკამდე მისასვლელ კიბეებს, ამფითეატრს, გაკეთდა განათება, დაირგო ბროწეულის ხეები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 500 ათასი ლარი შეადგინა. მთავრობის დავალებით სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროექტი ძეგლის ავტორს, არქიტექტორ თეიმურაზ ბოჭორიშვილს ეკუთვნის.
მორალური და ესთეტიკური მნიშვნელობის გარდა, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია საგულისხმო მოვლენაა მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს მხარის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალ წელს განხორციელდება ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაც“, – აცხადებენ სამინისტროში. რეაბილიტირებული ძეგლის გახნას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი; ძეგლის არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი; სასულიერო პირები, მწერლები, სხვა ოფიციალური პერსონები, სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები