შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენაში ამხილეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი კ. და ლია ქ., აგრეთვე, ამავე სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსი თამარ ჭ, რომლებიც ერთმანეთთან და შპს “ფუმიგატორი“-ს ხელმძღვანელთან ირაკლი ზ-ს კავშირში, თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილებების სანაცვლოდ ოფიციალური გადასახადების გარდა, მოქალაქეებს ქრთამის სახით დამატებით თანხებს სძალავდნენ.
კერძოდ, საექსპორტოდ გასატანი თივის შესამოწმებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონულ სამმართველოში მისულ მოქალაქეს ამავე სააგენტოს თანამშრომელმა გიორგი კ. ფიტო-სანიტარული სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ ოფიციალური გადასახადის გარდა ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 325 ლარი, ამასთანავე, აღნიშნული მოქალაქე დააკავშირა ამავე სააგენტოს თანამშრომელს ლია ქ-ს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსს თამარ ჭ-ს და შპს “ფუმიგატორი“-ს ხელმძღვანელს ირაკლი ზ-ს, რის შემდეგაც ლია ქ-მ ვეტერინარული ექსპორტის სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; თამარ ჭ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; ირაკლი ზაქარაძემ კი ფუმიგაციის მომსახურებასთან დაკავშირებით ყალბი მოწმობა დაუმზადა.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ოთხივე პირი დააკავეს.
გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და ჯგუფურად ჩადენილი ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 338-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sY2VYZbiXpU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები