112-ში ზარი ქუთაისის პარლამენტიდან დეპუტატებს შორის დაპირისპირებამდე დაფიქსირდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისის პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სასწარაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული, სიცრუა და სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სადისპეჩერო სამმართველოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქუთაისის პარლამენტიდან ზარი 112-ში მანამდე დაფიქსირდა, ვიდრე სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, პარლამენტის საშვთა ბიუროში 82 წლის მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
„მოქალაქე, რომელიც საშვთა ბიუროში იმყოფებოდა, შეუძლოდ გახდა. სწორედ ამ ფაქტის გამო დაფიქსირდა შეტყობინება 112 -ში. ადგილზე მისულმა სასწრაფოს ბრიგადამ მოქალაქეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარა. სწორედ ამ დრო სხდომათა დარბაზში ჩხუბი ატყდა და ადგილზე მყოფმა ბრიგადის ექიმმა საჭიროდ მიიჩნია, რომ პარლამენტში დამატებითი ბრიგადა გამოცხადებულიყო და ინფორმაცია ცენტრს მიაწოდა. თავად მოქალაქე კი ჩხობაძის სახელობის ავტო-ქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობას, არცერთ მათგანს დასახმარებლად მედპერსონალისთვის არ მიუმართავს“, – აღნიშნა ამირან გოგიტიძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის გამო, ქუთაისის პარლამენტის შენობასთან სასწარაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული.
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რამაც დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები