ადვოკატები ზაზა ხატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ

  ადვოკატები ზაზა ხატიაშვილს უპირისპირდებიან და თანამდებობიდან მის გადადგომას ითხოვენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ადვოკატთა ერთი ჯგუფი ემიჯნება. დაპირისპირების მიზეზი გოგა ონიანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ზაზა ხატიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. ადვოკატები ზაზა ხატიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას და საგანგებო ბრიფინგის გამართვას აპირებენ. როგორც „კვირას“ ადვოკატმა ნონა ფილაურმა განუცხადა, იგი ზაზა ხატიაშვილის განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება და მას მოუწოდებს, რომ ადვოკატთა ასოციაციის სახელით განცხადებებისგან თავი შეიკავოს.1932132_710088552346974_1688343187_n
„ზაზა ხატიაშვილმა საკუთარ განცხადებაში ადვოკატთა ასოციაციის წევრების მთლიანი მოსაზრება არ დააფიქსირა. გიორგი ონიანი გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოში მუშაობდა, როგორც ვიცი, ის იყო ზონდერი, ის იყო პოლიციელი და მაღალჩინოსანი. მის სახელს უკავშირდება არაერთი ადამიანის წამება, უკანონო დაკავება და არაერთი ფაქტი, რასაც 9 წლის მანძილზე ვებრძოდით ადვოკატთა კორპუსი. ასოციაციის წევრები და ზაზა ხატიაშვილიც ერთად ვიბრძოდით უსამართლობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის ველზე, როგორც ადვოკატი, ყოველთვის გვერდით ვედექი ზაზა ხატიაშვილს, არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრი ადვოკატი და სწორედ ამის გამო ვიდევნებოდით წინა ხელისუფლებისგან. დღეს კი, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ თითქოსდა გოგა ონიანი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ის არის ადვოკატი, არ ვიზიარებ და კატეგორიულად არ გავიზიარებ. კანონი ყველასთვის უზენაესი უნდა იყოს და სამართალი უნდა აღდგეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მიუღებელია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პარტიის წევრების ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის“, – აცხადებს „კვირასთან“ ადვოკატი ნონა ფილაური.
მისი თქმით, გოგა ონიანის მსგავსმა იურისტებმა 9 წლის განმავლობაში ქვეყანას ავნეს და ძალიან ბევრი ადამიანი აწამეს.
„მათ ავნეს ქვეყანას, ძალიან ბევრი ადამიანი აწამეს, მათ მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენები დღესაც სახეზე გვაქვს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვემიჯნები ზაზა ხატიაშვილის მოსაზრებებს. უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ონიანის კონკრეტულ დანაშაულზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვერ ვიტყვი, რომ ის დღეს ნამდვილად დამნაშავეა, თუმცა, ძალიან ბევრ აქციას მონიტორინგს ვუწევდი და ძალიან ბევრ აქციაზე, გოგა ონიანი, როგორც ზონდერი, ისე მოქმედებდა. ამის თვითმხილველი თვითონ გავხდი. აქედან გამომდინარე, გოგა ონიანს, როგორც ადვოკატს, ვერ აღვიქვავ“, -ამბობს ნონა ფილაური.1957448_710144959008000_359480064_n
კიდევ ერთი ადვოკატი, რომელიც ზაზა ხატიაშვილის განცხადებას ემიჯნება, ადვოკატთა ასოციაცის წევრი გრიგოლ გაგნიძეა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთტა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე აცხადებს, რომ ადვოკატები საგანგებო ბრიფინგის გამართვას აპირებენ, სადაც ზაზა ხატიაშვილის გადადგომას მოითხოვენ. მისი თქმით, მას რამდენიმე ადვოკატი უკვე დაუკავშირდა და ინიციატივა გამოთქვეს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი თანამდებობიდან გადააყენონ.
„გული მწყდება ზაზა ხატიაშვილის განცხადებების გამო. მე, როგორც ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილის თანამებრძოლი ვიყავი და ერთად ვიბრძოდით მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. ზაზა ხატიაშვილის განცხადებამ, რომ იგი გოგა ონიანს ე.წ. ნაცების ზონდერს აცხადებს გმირად და უფლებადამცველად, ვფიქრობ, ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის შეურაცხყმოფელია. ზაზა ხატიაშვილი თანამდებობაზე 900-მა ადვოკატმა აირჩია, თუმცა ადვოკატთა ასოციაციაში 20 ათასი წევრია. ზაზა ხატიაშვილი კი გამოდის და ყველა ადვოკატის სახელით განცხადებებს აქვეყნებს, ჩვენ მის პოზიციას არ ვიზიარებთ. ეს მისი მხრიდან გაზვიადებულია და არასწორია. მაშინ გოგა ონიანის შესახებ იმ 900 ადვოკატის სახელით ისაუბროს, რომლებმაც მას ხმა მისცეს და აირჩიეს. როგორ შეიძლება გოგა ონიანი საზოგადოებას გმირად წარუდგინო“?! -აღნიშნა გრიგოლ გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ყოფილი მაღალჩინოსნის ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის დაკავება გააპროტესტა. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავება პოლიტიკური მოტივებით მოხდა, რაც მიზნად ისახავს საადვოკატო საქმიანობიდან მის ჩამოცილებას და ადვოკატის ინსტიტუტის დაშინებას.
შს ყოფილი მაღალჩინოსანი გოგა ონიანი პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანმა პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები