კასპში იძულებით გადაადგილებულ 113 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე ილია დარჩიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირეტორთან სტეფან ჰაიკენთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში 113 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში, ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 4.043.674,44 ლარია. პროექტის ფარგლებში 113 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 37 ერთოთახიანი, 52 ოროთახიანი, 24 სამოთახიანი, მათ შორის რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 170 ადამიანი დასაქმდა, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლე იყო.
ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობლები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და დეკორატიული სანათები.