„ნაციონალური მოძრაობის“ ბიზნესინტერსები, დაფინანსების წყაროები და დაგროვილი მილიონები – „ადამიანი კანონი თავისუფლება“ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ მიერ ფაქტობრივი ანალიზის და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში სამთავრობო და ბიზნესსტრუქტურებში უამრავი დანაშაულის ფაქტები გამოიკვეთა.
კერძოდ, 2004 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში განსაკუთრებით ეტაპობრივად გაიზარდა მაღალჩინოსანთა შემოსავლები მათი თანამდებობრივი სარგო, სახელფასო დანამატები და პრემიები.
მათივე მტკიცებით, გამოიკვეთა კონკრეტული პოლიტიკური პირების ბიზნესინტერესები, მათ მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება სხვადასხვა ობშორში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებებით.
“ასევე გამოიკვეთა საეჭვო და კრიმინალური გარემოებებით ტენდერებში გამარჯვებული „ოჯახის კომპანიები“ მილიონობით ლარების შემოწირულობა მათივე კომპანიებიდან და ბიზნესრეკეტიდან და „დაუძლეველი სენის“ ნეპოტიზმი უამრავი შემთხვევა მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებზეც.
ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, გიორგი მღვდელაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თანამდებობის პირებზე გამოყოფილ თანამდებობრივ სარგოებს, მათ მიერ აღებული პრემიებს და სახელფასო დანამატებს შეეხო.
მისი განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირთა შემოსავლები რამდენჯერმე აღემატებოდა მათთვის განკუთვნილ ხელფასებს.
“ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ 2011 წელს მიღებულმა შემოსავალმა 95 400 ლარი შეადგინა. მინისტრებს შორის 2011 წელს ყველაზე დიდი ოდენობით შემოსავალი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მიიღო. მისმა შემოსავალმა 122 400 შეადგინა. კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას შემოსავალი 121 400 ლარია. რაც შეეხება პრემიერ – მინისტრს ნიკა გილაურს, 2011 წელს მხოლოდ პრემია 101 150 ლარი მიიღო, ხოლო, ჯამში, მისმა შემოსავალმა 152 150 ლარი შეადგინა. დიდი ოდენობით პრემიების მიღების გარდა ნეპოტიზმის უამრავი ფაქტი გვხვდება. უფრო კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თინა ბურჯალიანის 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლესთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილთან ერთად, 2011 წლის მონაცემებით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოადგილეების სიას ლიდერობენ“, – განაცხადა მღვდელაძემ.
გიორგი მღვდელაძემ ნეპოტიზმის მასობრივ შემთხვევებზეც ისაუბრა.
„ფიქსირდება მაღალჩინოსნებისგან საკუთარი ოჯახის წევრების მამების ძმების, ახლოს ნათესავების დასაქმების ფაქტები. მათ შორის წამყვან თანამდებობებზე გამგებლებად, სამხარეო სამმართველოს უფროსებად და სხვადასხვა სამსახურებში მთავარ სპეციალისტებად დანიშვნა“, – აცხადებს მღვდელაძე.
ორგანიზიციაში მიაჩნიათ, რომ სარეკლამო ბიზნესი დღემდე რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლად და კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობა ხელს უწყობს პარტიული შემოწირულობების ზრდას.
„საქართველოში არსებული სარეკლამო ბიზნესის 80% შპს „აუთდორ.ჯი“-მ აითვისა, რომლის 70% წილის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „adprojectsinc“-ია, ხოლო ერთ-ერთი დამფუძნებელი შპს „სამკუთხედი“-ის 100% წილის მფლობელი გიორგი გეგეშიძეა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეწილეც არის. 2009 წელს თბილისი მერიამ 12 წლის ვადით ორი კომპანიისთვის გარე რეკლამის დადგმის სალიცენზიო ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა, რომელიც შპს. „აუთდორ.ჯი“-მ და შვილობილმა კომპანია შპს „მაგი სტილ მედიამ“ მოიპოვა რომელსაც ერთი და იგივე დამფუძნებლები ჰყავს.
ასევე აღსანიშნავია, რომ აზარტული თამაშების ბიზნესში კომპანიები მას შემდეგ რაც 2009 წელს სახელმწიფომ შეზღუდვები მოუხსნა, შეინიძნება ამ ბიზნესების მხრიდან პარტიის შემოწირულობების მატება“, – განმარტავს მღვდელაძე.
ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პარტიული შემოწირულობებიც მილიონობით ქონდა “ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე მას შემდეგაც.
“შემომწირველთა სიაში არიან ყოფილი მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სხვადასხვა საეჭვო ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებიც დღემდე წირავენ თანხებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე შესაძლებელია გვქონდეს ე.წ. შავ ფულთან, რითაც გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები