მედეა ვასაძე სოციალურად დაუცველებს პასუხობს
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე რეგიონში მცხოვრებ იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს პასუხობს, რომელთაც დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოს შესასვლელთან აქცია გამართეს, შემდეგ კი უმაღლესი საბჭოს ეზოში შევიდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებას, რომ მედეა ვასაძე სხვადასხვა ტელეეთერის მეშვეობით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარების შესახებ სიცრუეს ავრცელებს – თავად ვასაძე ცილისმწამებლურს უწოდებს.
როგორც ვასაძემ “კვირასთან“ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, მან ერთ-ერთ გადაცემაში, მართლაც, განაცხადა, რომ ხელვაჩაურში ე.წ. 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლების ნაწილი, მისი ვარაუდით, სოციალურად დაუცველის სტატუსს არ იმსახურებს.
ვასაძის თქმით, სპეციალურმა კომისიამ ე.წ. 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩაატარა აღწერა და დადგინდა, რომ იქ რეალურად სოციალურად დაუცველი 80 – მდე პირია, დანარჩები კი ამ სტატუსის მოპოვებას და სახელმწიფო დახმარების მიღებას დიდი ალბათობით განზრახ ცდილობენ.
„მე ერთ-ერთ სატელევიზიო ტოქშოუში ამ თემაზე საუბრისას განვაცხადე, რომ სპეციალური კომისიის მიერ ჩატარებული აღწერის შედეგებით ამ შენობაში სოციალურად დაუცველი 80-მდე პირი ცხოვრობს და, შესაბამისად, ისინი მიიღებდნენ სახელმწიფო დახმარებას. დანარჩენ მცხოვრებლებზე კი გამოვთქვი ვარაუდი, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუებს და, შესაბამისად, სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებდნენ. მე ეს განცხადება სპეციალური კომისიის მიერ ჩატარებული აღწერის საფუძველზე გავაკეთე“, -განუცხადა “კვირას“ მედეა ვასაძემ. ვასაძის თქმით, მან აქციის მონაწილეებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა,თუმცა მათგან უარი მიიღო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვარაუდობს, რომ აქციის მონაწილეების მიერ ატეხილი ხმაური მიზანმიმართულად ხდება.
“თუ ამ ეგზალტირებულ ხალხს ჩემთან შეხვედრა სურდა, მე ამაზე დავთანხმდი, თუმცა, როცა მათთან შესახვედრად გავედი შენობიდან, გაბრუნდნენ და წავიდნენ. მათ ხელძღვანელობს ე.წ უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე, რომელიც ხალხს აქეზებს და სპეკულაციებისკენ მოუწოდებს, ვფიქრობ ამ ყველაფრის უკან გარკვეული ძალები დგანან“,-აღნიშნა მედეა ვასაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველებმა, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოს შესასვლელთან აქციას მართავდნენ, ჭიშკარი შეანგრიეს და უმაღლესი საბჭოს ეზოში შევიდნენ.
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უმაღლესი საბჭოს დაცვამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. დაცვა ამ დროისთვის უმაღლესი საბჭოს შენობის შესასვლელთან არის მობილიზებული.
რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ხელვაჩაურში ე.წ. 53-ე ბატალიონში მცხოვრებლები უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე სხვადასხვა ტელეეთერის მეშვეობით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარების შესახებ სიცრუეს ავრცელებს.