„როგორ უნდა ენდოს ამის მერე 30 000 ჯარისკაცი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას“

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მაია ფანჯიკიძე თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე არ ვრცელდება.
„აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ მსგავსი განცხადება უმაღლეს დონეზე თანხმობის გარეშე გააკეთოს რომელიმე სამინისტრომ. თუ ასეთი რამ რომელიმე სამინისტროში ხდება, იქ არის მენეჯმენტის ძალიან სერიოზული პრობლემა. მე მაინტერესებს, რა ურჩევნია თავდაცვის სამინისტროს, რისი აღიარება, რომ მათ ეს პოზიცია ჰქონდათ თუ მენეჯმენტი არ უვარგათ. მე თუ მკითხავთ, ორივე კატასტროფაა, განსაკუთრებით ისეთი სამინისტროსი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა ევალება და რომელსაც 30 000-მდე ჯარისკაცი ემორჩილება. ეს არის სამინისტრო, სადაც ყველაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება ღირსებას, ზნეობას, მსგავს ფასეულობებს, სამშობლოს სიყვარულს და ა.შ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების სრული კრახი. სამწუხაროდ, ეს რ იყო მხოლოდ ერთი კრახი, ეს იყო რამდენიმე, მაგრამ ეს იყო ყველაზე დიდი კატასტროფა, რომელიც ამ ხელისუფლებას განუცდია“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, მეორე კატასტროფა არის ის, რომ მიუხედავად პრემიერის მხრიდან მიღებული დირექტივისა, რომ თავდაცვის მინისტრს ბოდიში უნდა მოეხადა, ჯერ ეს არ მომხდარა.
„ახლა ალბათ, ვიღაცას, რომელიც აბსოლუტურად არ არის პასუხისმგებელი ასეთი ტიპის განცხადებებზე, დასჯიან და მათ მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისია ვითარების გამოსასწორებლად, რაც, ჩემი აზრით, კიდევ ერთი კატასტროფაა. ეს არის გაუგონარი და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ამის შემდეგ არის მოსალოდნელი. როგორ უნდა ენდოს ამის მერე ან ის 30 000 ჯარისკაცი, ან საქართველოს მოსახლეობა ამ სამინისტროს მიერ გაკეთებულ რომელიმე განცხადებას. მათ ან არ იციან, შიგნით რა მოხდა და პასუხისმგებელი პირი ვერ გაურკვევიათ, ბოდიში ვერ მოუხდიათ და ჰგონიათ, რომ საიტიდან წაშლით ეს საკითხი მოგვარდება. ასე რომ, აქ პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, თუ როგორი, მიმინდვია ამ ხელისუფლებისთვის, მაგრამ წარმოუდგენელია, ამის მერე არავინ ისჯებოდეს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები