2014 წელს საპატიმრო სასჯელსა და ნასამართლობას 193 არასრულწლოვანი განერიდა

საქართველოში 2014 წელს საპატიმრო სასჯელსა და ნასამართლობას 193 არასრულწლოვანი განერიდა. ამის შესახებ დღეს მედიაციის სახლში განაცხადეს, სადაც არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 4 წლის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ გახსნა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
“განრიდება-მედიაციის 4 წელი შეიძლება შეჯამდეს წარმატებულად. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება. პროკურორები წლიდან წლამდე უფრო ადვილად ღებულობენ განრიდების გადაწყვეტილებას. პროგრამის ამოქმედებიდან განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი 8%-ია. პროგრამის წარმატებას ცხადყოფს ის, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პროგრამა წარმატებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის განმეორების მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია”, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ.
შემაჯამებელ შეხვედრაზე პროგრამაში ჩართული წარმატებული პროფესიონალების მედიატორების, პროკურორებისა და სოციალური მუშაკების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შეხვედრას პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და პროკურატურის წარმომადეგნლებიც დაესწრნენ. პროგრამა 2010 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა. მის ზოგად მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახორციელებს. 4 წლის განმავლობაში ჯამში სულ 732 არასრულწლოვანია განრიდებული, განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი კი 8%-ია. პროგრამის ეფექტურად წარმართვისთვის იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე 2014 წლის 8 ივლისს გაიხსნა მედიაციის სახლი. განრიდებისა და მედიაციის პროგრამას მხარს უჭერენ და განვითარებაში ეხმარებიან: ევროკავშირის პროექტი “სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში”, PH International-ი, გაეროს ბავშვთა ფონდი.
ცნობისთვის, 2010 წელს საპატიმრო სასჯელსა და ნასამართლობას 2 არასრულწლოვანი განერიდა, 2011 წელს – 80, 2012 წელს – 124. ყველაზე მეტი, 333 არასრულწლოვანი სასჯელსა და ნასამართლობას 2013 წელს განერიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები