“საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მიესალმება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ეხმაურება.
პრემიერი კენჭისყრის შედეგს, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებად აფასებს.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც უკვე ერთმნიშვნელოვნად აყენებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
„ყველა ქართველის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის წევრებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ინსტიტუტებისადმი ნდობისათვის, რომელიც ამ კენჭისყრის შედეგში გაცხადდა. ბოლო წლებში ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რომლებმაც განაპირობა კიდეც ჩვენი ეს წარმატება. ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით ჩვენ უზრუნველყოფილნი ვიქნებით შესაბამისი სამოქმედო გეგმით, რათა გაგრძელდეს ეს პროცესი და ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების მიზნისკენ წინსვლას მივაღწიოთ“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ საქართველოს „აქვს ევროპული პერსპექტივა და ის შეძლებს, წარდგეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადით, თუ დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივისცემით მოეპყრობა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებს, ასევე უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“.
„დღეს საქართველო არის ევროპული პარტნიორობის წარმატების მაგალითი. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ხელშეკრულების სრულად და სწრაფად განხორციელება, რათა ქვეყანაში სრულად დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს ხელშესახებ შედეგებს. მეორე მხრივ, საქართველო იქნება ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი. „საქართველო არის სტაბილური დემოკრატიის, აქტიური ეკონომიკის ქვეყანა, სათანადო უნარების მქონე და სანდო კონტრიბუტორი საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, ასევე ის არის ევროპისკენ მიმავალი ენერგორესურსების საკვანძო სატრანზიტო ქვეყანა“, – განაცხადა მან.
ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის გარდა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა ათმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ. ესენია: ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, რუმინეთი, სლოვაკეთი და შვედეთი. იმისათვის, რომ ხელშეკრულება სრულად შევიდეს ძალაში, მისი რატიფიცირება უნდა განახორციელოს ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ. ხელშეკრულების ზოგიერთი თავი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ჩათვლით, ძალაში 1 სექტემბერს შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები