დევნილთა სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ „მრგვალი მაგიდა“ გაიმართება
18 დეკემბერს, 15:00 სთაათზე, დევნილთა შესახებ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი „მრგვალ მაგიდას“ გამართავს.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, უფლებადამცველების მობილურმა ჯგუფმა დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს.
ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილი ცხოვრობს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის საცხოვრებელი პირობები წლების განმავლობაში არ გაუმჯობესებულა და ისინი სახელმწიფოსგან გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ. მძიმე სოციალური ფონი, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, ფართების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხები – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილურმა ჯგუფმა, დევნილთა ჩასახლებებში გამოკვეთა.
დისკუსიის მოდერატორი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ელბაქიძეა. მომხსენებლები არიან: დევნილთა სამართლებრივი პრობლემების მიმოხილველი, იურისტი სოფო ალექსიძე; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შორენა ყაყიტაშვილი, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი დალი გოგოლაძე.