საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ფონდი „საქართველოს საქმიანი ქალები – ქველმოქმედებისთვის“ ეგიდით, კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე შემოსული თანხა კი, პროექტს – „წერილები თოვლის პაპას“ მოხმარდება. საქველმოქმედო კონცერტი 21 დეკემბერს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდება, რომელშიც ოპერის ახალგაზრდა მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. განთავსდება შემოწირულობის ყუთები და ნებისმიერი მსურველს საშუალება მიეცემა აქციის „წერილები თოვლის პაპას – ვაჩუქოთ ბედნიერი ახალი წელი სოციალურად დაუცველ ოჯახებს“ მონაწილე გახდეს.
პროექტის ავტორები, დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი და ექიმი თამთა დემურიშვილი არიან, რომლებიც შემოსული თანხიდან კლინიკებში მყოფ ბავშვებს, ძუძუს კიბოთი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონების შვილებს, მარტოხელა და ხანდაზმულთა სახლში მცხოვრებ მოხუცებს იმ საახალწლო სურვილებს შეუსრულებენ, რომლებიც თოვლის პაპას მისწერეს.
„დიდი მადლობა კონცერტის ორგანიზატორს, ფონდის ,,საქართველოს საქმიანი ქალები – ქველმოქმედებისთვის“ საპატიო წევრს, სოპრანო – მარიამ ნაჭყებიას, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს და კონცერტში მონაწილე ყველა მომღერალს და პიანისტს, მუდმივი თანადგომისთვის“, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები