თამარ სანიკიძე: მეოთხეკლასელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დისციპლინური კომისია იმსჯელებს

 

   განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამტრედიაში მეოთხეკლასელი ბავშვის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი სასკოლო პერიოდში არ მომხდარა, საქმეში დისციპლინური კომისია მაინც ჩაერევა.
„მეოთხეკლასელმა ბავშვებმა, სამწუხაროდ, საკუთარ უბანში ძაღლის ლეკვის გამო იჩხუბეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მომხდარა სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო საათის დროს, ვფიქრობ, მაინც ჩავერევით დისციპლინური კომისიის სახით და ვეცდებით, რაღაცნაირად ეს ძალადობა დავგმოთ. აქ ჩვენი პასუხისმგებლობა არ იკვეთება, თუმცა მაინც ჩავერევით, რათა მომავალში მსგავსი ქმედებები მინიმუმამდე დავიდეს. ინციდენტში მონაწილე ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი ბავშვი, იმის გამო, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაინც შემოწმდა და, საბედნიეროდ, დადგინდა, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასელი ბავშვი სცემეს. ბავშვს ტვინის შერყევა აღენიშნება, ის ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ბავშვის ახლობლები აცხადებენ, რომ მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-14 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი ბავშვი ლეკვის გამო სცემეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე სამტრედიის პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები