დავით კერესელიძე: პრემიერის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით მზადება კვლავ მიმდინარეობს

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვიზიტთან დაკავშირებით მზადება არ შენელებულა და ისევ მიმდინარეობს.
როგორც მან ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ უკლება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია და ის აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.
“უკრაინაში ახლა ჩამოყალიბდა მთავრობა და იმ მთავრობასაც უნდა მივცეთ საშუალება, მუშაობას შეუდგეს. ჩვენთვის არაფერია ცნობილი, რაიმე საკადრო ცვლილებაზე რომ იყოს საუბარი“,- აღნიშნა მან.
კითხვაზე, ხომ არ გაუარესდება საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნასთან დაკავშირებით, კერესელიძე აცხადებს, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას ზიანს არ მიაყენებს.
“პირიქით, ვუსურვებ წარმატებას ყველას, დაეხმაროს ამ ქვეყანას იმ დიდ გამოწვევებში, რომლის წინაშეც ის დგას. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას ყველა იმ გამოწვევაში და რეფორმაში, რომელიც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება”,- განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები