გრიგორი ლეპსის კონცერტის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის კონცერტის დაწყებამდე ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტსა და ოპერატორთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ჟურნალისტი ნინი მეტრეველი და ოპერატორი სერგი ბარამიძე სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო უწყებაში 2 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ.
“კითხვები ჰქონდათ მოხდართან დაკავშირებით, იყო თუ არა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. რაც მოხდა, ყველაფერი მოვუყევი. მითხრეს, რომ აღძრულია უკვკე საქმე და მომავალში თუ საჭირო გახდა, დამიბარებდნენ”, – განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა ჟურნალისტმა.
ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის თქმით, გრეგორი ლეპსს და მის გარემოცვას დასმული კითხვები არ მოეწონა და უთხრეს, რომ მასალა ვერ მოხვდებოდა ეთერში. ამის შემდეგ მომღერლის დაცვამ მას და ოპერატორს საათზე მეტხანს ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა.
გუშინვე, დაკითხვაზე იმყოფებოდა ასევე დაცვის ის თანამშრომელიც, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, ერთი-ერთი იყო მათ შორის, ვინც გადამღებ ჯგუფს სპორტის სასახლის დატოვების უფლებას არ აძლევდა. დაცვის თანამშრომელი ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანით წაიყვანეს. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.