აშშ–ში პოლიციელებმა კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლეს

აშშ–ში ბოლო დროს გახმაურებულ რასისტულ ნიადაგზე აღმოცენებულ დაპირისპირებას სავარაუდოდ კიდევ უფრო გამწვავება ელის. ამჯერად ინციდენტს ადგილი არიზონას შტატის დედაქალაქ ფინიქსში ჰქონდა.
პოლიციელმა (რომლის სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ხმაურდება) ორი გამვლელისგან მიიღო ინფორმაცია, რომ იქვე მახლობლად პარკირებულ ავტომობილში მსხდომი მამაკაცი ნარკოტიკს ყიდდა. ავტომანქანაში 34 წლის აფროამერიკელი რუმეინ ბრისბონი იმყოფებოდა. პოლიციელმა მას დოკუმენტების წარმოდგენა და ავტომობილის დათვალიერება მოთხოვა. მაგრამ ბრისბონმა პოლიციელს უბიძგა და გაიქცა. გაქცეულ ეჭვმიტანილს პოლიციელმა 4 კვარტალი სდია და ბოლოს როცა დაეწია მოთხოვა პირით ასფალტზე დაწოლა ( პოლიციელმა სტანდარტული ბრძანება გასცა). მაგრამ საპასუხოდ ლანძღვა–გინება მიიღო. რაღაც მომენტში ბრისბონმა ხელი ჯიბეში ჩაიყო. იმ ეჭვის გათვალისწინებით, რომ ბრისბონი შესაძლოა იარაღის ამოღებას აპირებდა, პოლიციელმა მკერდის არეში მას ორჯერ ესროლა. შემდგომ გაირკვა, რომ რუმეინის ჯიბეში მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ტაბლეტების შეკვრა იყო. სიმართლე რომ ითქვას, ბრისბონისგან მიტოვებულ ავტომანქანაში მარიხუანათ სავსე ყუთი და ნახევრადავტომატური პისტოლეტი იპოვეს. ახლა აფროამერიკული მოსახლეობის ინტერესების დამცველ ორგანიზაციას ეშინია, რომ სასამართლო ამჯერადაც პოლიციელს გაამართლებს. ასეა თუ ისე ფაქტია, რომ ეს ინციდენტი ბოლო პერიოდის მოვლენებს კიდევ უფრო გაამწვავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები