ქუჩებში ნაგვის დაყრის გამო მოქალაქეები 80, 100 და 150 ლარით დაჯარიმდებიან

2015 წლიდან გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით სანქციები ამოქმედდება. ახალი კანონის მიხედვით ქუჩებში ნაგვის დაყრის გამო მოქალაქეები 80, 100 და 150 ლარით დაჯარიმდებიან. ქალაქის დაბინძურების პრობლემებთან და ჯარიმებთან დაკავშირებით საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ ისაუბრა.
მაღრაძის განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ნაგვის ქუჩებში დაყრა ძალიან ხშირია. მისი განცხადებით, დაბინძურებული გარემო პირდაპირ ქმნის სხვადასხვა დაავადების გაჩენის საფრთხეებს.
„ამ კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ნაგავი, სამშენებლო ნარჩენები, ტექნიკა, ავეჯი ყრია ხოლმე ქუჩაში. ეს სანქციები აუცილებელია. კანონში ყველაფერი იმდენად დეტალურად არის გაწერილი, რომ რაიმე ორაზროვნება არ იქნება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან მიტოვება, გამოიწვევს დაჯარიმას 80 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლებიდან, შენობა-ნაგებობებიდან, გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმას. იგივე ქმედება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 150 ლარით. უამრავი დაავადება დაბინძურებული გარემოდან ჩნდება. იმისთვის, რომ ცვლილებები პარლამენტმა მოქალაქეებამდე მიიტანოს, დარიგდება და გაიკვრება ქუჩებში ბუკლეტები“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
დეპუტატის განცხადებით, სამი ორგანიზაციია, რომელსაც აღნიშნული ჯარიმების განხორციელება ეხება. ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობითი სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები