საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თომას მელიას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა. შეხვედრა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე. საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. გამოითქვა შეშფოთება მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. “ხელშეკრულებასთან” დაკავშირებით. აღინიშნა, რომ დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უარყოფითად აისახება რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.