“ღიმილისმომგვრელია, რომ 45- მილიონიან უკრაინაში ვერავინ მონახა კარგი კადრი”

საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნას ექსპერტი მამუკა არეშიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
არეშიძის განმარტებით, ღიმილისმომგვრელია ის, რომ 45- მილიონიან უკრაინაში ვერავინ მოინახა კარგი კადრი მაღალ თანამდებობებზე დასანიშნად. ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უფრო დემონსტრაციულ სახეს ატარებს და ამ ჟესტით ისინი პროდასავლური ორიენტაციის ხაზგასმას ცდილობენ.
მამუკა არეშიძის განმარტებით, იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, მაგრამ არ ჩაუდენით დანაშაული და არ არიან ძებნილები, უბრალოდ რეაქცია არავის არ უნდა ჰქონდეს და არ უნდა შეიმჩნიონ, საქართველოს მიერ ძებნილი ადამიანის დასანიშნად კი საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია უკრაინასთან დიპლომატიური დემარში განახორციელოს.
„უკრაინის მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორების ზემოქმედებით იღებს. სად გაახსენდებოდათ უკრაინის ხელისუფლებაში სანდრო კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა, მით უმეტეს, რომ ის სპეციალობით სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი არ არის. ჩვენ ეს არ უნდა შევიმჩნიოთ. ვინც არ არის ძებნილი და დანაშაული არ ჩაუდენია, მათი დანიშვნა განსაკუთრებული აღშფოთების საგანი არ უნდა იყოს. რაც შეეხება ზღულაძეს, ის ძებნილი არ არის. პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ღიმილისმომგვრელია ის, რომ 45- მილიონიან უკრაინაში ვერავინ მონახა კარგი კადრი. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, რომლებიც არიან ძებნილები, მაგალითად, ასეთია ზურაბ ადეიშვილი, ამ შემთხვევაში ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია დიპლომატიური დემარში განახორციელოს. უკრაინის ხელისუფლება ძალიან უჭკუოდ იქცევა, რადგან მათი ასეთი ქმედებებით უკმაყოფილო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება, რაც უკრაინისთვის კარგი არ უნდა იყოს. მგონია, რომ ეს დემონსტრატიულობის გარკვეულ ელემენტს ატარებს. ამით ისინი ცდილობენ განსაკუთრებულ პროდასავლურობას გაესვას ხაზი. მაგრამ ამის ამ ფორმით დემონსტრირება არა მგონია, მომგებიანი იყოს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები