გიორგი შოვნაძისთვის დაკისრებულ 46 ათას ლარს გარემოს დაცვის სამინისტრო გადაიხდის

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გიორგი შოვნაძის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე სასამართლოსგან უკვე მიიღო განჩინება.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა, ამ კვირაში გიორგი შოვნაძეს შეხვდება და განიხილავს, თუ რა გეგმები აქვს და როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა.
“ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოხდება მისი აღსრულება. გიორგი შონვაძე აღდგება თანამდებობაზე. ამ კვირაში შევხვდები მას და განვიხილავთ, თვითონ რა გეგმები აქვს და როგორ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა”, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.
გიორგი შოვნაძე თანამდებობაზე სამართლოს გადაწყვეტილებით ბრუნდება. სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მისთვის გადასახდელ 46 000 ლარს, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, სამინისტრო დაფარავს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი უფროსი თანამდებობიდან 2013 წლის მაისში, მინისტრ ხათუნა გოგალაძის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. წელიწადნახევრიანი დავის შემდეგ კი გიორგი შოვნაძემ სასამართლო დავა მოიგო. შოვნაძის გათავისუფლების მიზეზი 2013 წელს მინისტრის ბრძანებულებით რიგი დარღვევები გახდა. როგორც გოგალაძის უწყება განმარტავდა, სააგენტო არასრულყოფილად ახორციელებს კონტრაქტორი ორგანიზაციების საგადასახადო შემოწმებას, ასევე არასწორად ხორციელდებოდა ხარჯთაღრიცხვა.
თავად გიორგი შოვნაძე აცხადებდა, რომ იგი პოლიტიკური და პირადი გადაწყვეტილებით გადააყენეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა დატოვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოქმედმა თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები