„სააკაშვილს ვიცე-პრემიერობა იმისთვის სჭირდება, რომ სამართლებრივი დევნისგან უფრო დაცული იყოს”
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერად არ დანიშნავენ. ექსპერტის განცხადებით, საქმეში, სავარაუდოდ, გარე ძალები, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსია ჩარეული.
“იქნება თუ არა უკრაინის ვიცე-პრემიერი სააკაშვილი, ამან ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. თუმცა, რასაკვირველია, ვიზიტამდე უკრაინის ხელისუფლებას უნდა მიეწოდოს ის ინფორმაცია, რის გამოც ხდება სამართლებრივი დევნა სააკაშვილისა და მისი გუნდის ზოგიერთი წევრის, ვინც იქ არიან. ამის მერე უკრაინის ხელისუფლებამ, საქმიდან გამომდინარე, თავადვე უნდა გააკეთოს დასკვნა. მე ვერ ვხდები, რად უნდათ ეს უკრაინელებს. მგონია, რომ აქ გარე ძალები, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსია ჩარეული. სააკაშვილს ვიცე-პრემიერობა, ალბათ, უფრო იმისთვის სჭირდება, რომ სამართლებრივი დევნისგან უფრო დაცული იყოს”, – განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ამ ფაქტორის გამო ურთიერთობები არ უნდა გაფუჭდეს და საქართველო უნდა ეცადოს, რომ უკრაინასთან ტრადიციული ურთიერთობები შეინარჩუნოს.