გახდება თუ არა ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილე? -„ჩვენ საერთო მტერი გვყავს“
საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ეკა ზღულაძე პრეტენზიას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აცხადებს, – ამის შესახებ ფეისბუქში ფრაქცია „პეტრე პოროშენკოს ბლოკის“ თავმჯდომარის მოადგილემ მუსტაფა ნაიემმა დაწერა.
ამ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ ეკა ზღულაძის პერსონამ უკრაინული მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ინტერვიუ მასთან უკრაინულმა სააგენტომ „ცენზორ ნეტმა“ ჩაწერა:
„საქართველოს პოლიციის ყოფილი მინისტრი ეკა ზღულაძე ხელისუფლებაში მას შემდეგ მოიპატიჟეს, რაც სახელმწიფოს საქმე მოუგო. ახლა საფრანგეთში ცხოვრობს, კიევში პარიზის რეისით ჩამოვიდა. პრეტენზიას აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ეკას შევხვდით ფრაქციის შეხვედრის მომზადების დროს. დაძაბული, თავშეკავებული, ზრდილობიანი, სახის მკვეთრი, ლამაზი ნაკვთები, მკაცრი, მოჭრილი ფრაზები“, – წერს ჟურნალისტი ეკა ზღულაძესთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს.
ზღულაძის განცხადებით, უკრაინის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე თანხმობას იმის გამო არ აცხადებს, რომ მას სამსახური სჭირდება.
„მე სამსახური არ მჭირდება, ახლა კარგ თანამდებობაზე ვარ. მაგრამ ასეთი შანსი იშვიათად ჩნდება, მით უმეტეს – მეორედ. ჩვენ საერთო მტერი გვყავს. მე ახლა რუსეთზე არ ვსაუბრობ. ჩვენი მტერი – საერთო საბჭოთა წარსულია, რომელიც წლიდან წლამდე მოგვყვება. მე არ მომწონდა ეს ჩვენთან და არ მომწონს ეს უკრაინაში“, – აღნიშნა ზღულაძემ.
კითხვაზე, თუ კიდევ რა არ მოსწონს მას უკრაინაში, ზღულაძემ უპასუხა:
„ყინვები, საერთო ნიჰილიზმი და ის, რომ დარწმუნებულები არიან, ჩვენ არაფერი გამოგვივა. საქართველოშიც ასე იყო და ამიტომ ეს არ მომწონს. მე კი მჯეროდა და ახლაც მჯერა“, – განაცხადა ზღულაძემ.