სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას, საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ეს ნეგატიურ ფონს შექმნის.
“ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, ეს არის უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია. დღეს გვქონდა დაანონსებული, რომ მზადდება პრემიერის ვიზიტი უკრაინაში. ამასთან, დაგიდასტურებთ, რომ გვაქვს დავალება, ყველა მიმართულებით გავააქტიუროთ უკრაინასთან კეთილმეზობლური, კარგი ურთიერთობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ერთი გამოწვევის ქვეშ ვართ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს ნეგატიურ ფონს შექმნის იმ პოზიტივთან მიმართებაში, რაზეც გესაუბრეთ – დაგეგმილ ვიზიტზე და ასე შემდეგ. მეტ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს და დაველოდოთ მოვლენებს. ნებისმიერი მაღალჩინოსანი, რომელსაც საქართველოში მძიმე დანაშაულში აქვს ბრალი წაყენებული და მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა, ეს კარგ ფონს არ შექმნის იმ პოზიტივის მიმართულებით, რომლისკენაც მივისწრაფვით“ ,-განაცხადა კერესელიძემ.
უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს.