კვლევის მიხედვით, ოჯახური დანაშაულები საღამოს ხდება – ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა

ოჯახური დანაშაულებისას, მოძალადეთა უმეტესობა უმუშევარია,ხოლო ოჯახური დანაშაული ყველაზე ხშირად სახლში, 18:00-დან 00:00 საათის პერიოდში ხდება, – აღნიშნული დასკვნა პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა.
როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, კვლევის ფარგლებში მოძალადეებისა და მსხვერპლის გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებიც გამოიკვეთა.
“პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, ასეთი კატეგორიის დანაშაულები, ძირითადად, ხდება თბილისში, ასევე გამოვარკვიეთ, რომ მომართვიანობის პრობლემა გვაქვს რეგიონებში, განსაკუთრებით – აჭარის რეგიონში. აუცილებელია იმგვარი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს. ასევე გამოვარკვიეთ, რომ ყველაზე ხშირად დანაშაულის იარაღად ფიზიკური ზემოქმედების ზომების გამოყენება ხდება, ნაკლებად გამოიყენება ცივი იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოიკვეთა ასევე ძირითადი პრობლემა – მოძალადეები არიან უმუშევრები; ძირითადად, ადამიანები დანაშაულს 18:00-დან 00:00 საათამდე ჩადიან, როდესაც ისინი სახლში იმყოფებიან. გამოიკვეთა ასევე, რომ ყველაზე ხშირად ოჯახური დანაშაულის ჩადენის ადგილი არის სახლი, სადაც წესით ადამიანი რელაქსაციას უნდა განიცდიდეს”, – განმარტა პროკურორმა.
ამასთან, მეზვრიშვილის თქმით, ყველაზე ხშირად ოჯახური დანაშაულის იარაღად ფიზიკური ძალადობაა გამოყენებული,ხოლო ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნაკლებად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები