უჩა ნანუაშვილი: შესაძლოა, ლაფანყურის სპეცოპერაციისას სამართალდამცავთა დარღვევები გამოიკვეთოს
ომბუდსმენის აპარატმა და სახალხო დამცველთან შექმნილმა საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკვეთა ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე საკითხები, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
როგორც ნანუაშვილმა განმარტა, სახალხო დამცველისათვის გადაცემული მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ შესაძლოა, იკვეთებოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები.
“ჩვენ გადავამოწმეთ არაერთი ფაქტი. რეალურად ჩვენი მიზანი იყო, მოგვეხდინა კონკრეტული ფაქტების დოკუმენტირება. ჩვენ არ გაქვს კონკრეტული ვერსია, თუ რა მოხდა ორი წლის წინ ლოპოტაში, ეს არის შს სამინისტროს და პროკურატურის ფუნქცია, მაგრამ კონკრეტულ დასკვნებამდე მივედით. თუნდაც ის, თუ რატომ განსხვავდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების რაოდენობის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია (11 პირის შესახებ) ამჟამად არსებული მონაცემებისგან, რომელიც 7 პირია. თუნდაც ის, რომ შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდიელოთ კავკასიიდან, დადასტურებულია. ასევე კითხვებს ბადებს, რატომ ასაიდუმლოებდა საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეიარაღებულ ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას, მაშინ, როცა დადასტურებულია, რომ სპეცოპარციის ჩატარებამდე სამართალდაცავი ორგანოებისთვის ცნობილი იყო ჯგუფის წევრების უმრავლესობის ვინაობა”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციამდე.
ომბუდსმენი პარლამენტს საკითხის ხელახლა შესწავლისთვის მიმართავს.
სახალხო დამცველთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს მიერ სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.