საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას დავით სერგეენკო გამოეხმაურა
მთავრობა ფასწარმოქმნას არ ახორციელებს, მთავრობა განსაზღვრავს სოციალურ პოლიტიკას, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მან ასევე მთავრობის სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა. “სოციალური პოლიტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში მკაფიოდ დავაფიქსირეთ, თუნდაც იმით, რომ ორჯერ გაიზარდა სოციალური შემწეობები. პენსია, პრაქტიკულად 50 პროცენტით გაიზარდა. ეს არის ის მზადყოფნა, რასაც საქართველოს მთავრობა გამოთქვამს სოციალური მიმართულებით. ვხვდებით და გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ მხრივ, რომ სოციალური დახმარება უფრო მეტად გაიზარდოს და სოციალურად დაუცველ ფენას მივცეთ საშუალება, რომ სამუშაო ადგილებით და საკუთარი შრომით უზრუნველყოს ოჯახის შემოსავალი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ბოლო დღეებში, საქართველოში საკვები პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა. ერთი ტომარა წიწიბურა 10-12 ლარით გაძვირდა და ის უკვე 36-37 ლარი ღირს. ასევე მოიმატა შაქრის ფასმაც, ერთი ტომარა 61-იდან 64 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაძვირდა ყველა სახის ბურღულეული. შესქელებული რძე უკვე 1,65 ლარი ღირს. ხოლო რაც შეეხება რძის პროდუქტებს, მათი ფასი თითქმის უცვლელია.