IDFI: 2013 და 2014 წლებში მკვლელობის მცდელობის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირებულია
ორგანიზაცია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მკვლელობის მცდელობა 2007 წელს დაფიქსირდა და ამ დანაშაულის მაჩვენებელი მაშინ 377-ს გაუტოლდა. ამავე დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ყველაზე ნაკლები მკვლელობის მცდელობა საქართველოში 2014 წელს მოხდა.
შს სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების ფაქტების ანალიზი გამოაქვეყნა.
„2007 წლიდან 2010 წლამდე შეინიშნება მკვლელობის მცდელობების შემთხვევების კლებადი ტენდენცია. 2010 წლიდან 2012 წლამდე ის კვლავ ეტაპობრივად იმატებდა. რაც შეეხება 2013 და 2014 წლებს, 10 თვის მონაცემებით შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნული ხასიათის დანაშაულის შემთხვევები წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია“, – ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტების გახსნის მაჩვენებელი ყველაზე ნაკლები 2006 წელს დაფიქსირდა და 61 პროცენტს გაუტოლდა. ხოლო ჩადენილი დანაშაულის გახსნის ყველაზე დიდი ციფრი – 95,2 პროცენტი – 2014 წელს.