თინა ხიდაშელმა საპარლამენტო უმცირესობას მიმართა
იმ ადამიანების გასაგონად, ვინც დაინტერესებულია, ხელისუფლებისა და კოალიციის დასუსტებით, ვამბობ – “რესპუბლიკური პარტია” არსად არ მიდის, – ამ განცხადებით „რესპუბლიკელმა“ თინა ხიდაშელმა უმცირესობის წევრების მიმართა.
“გუშინ მაღალი ენთუზიაზმით საუბრობდნენ იმაზე, რომ უმრავლესობა აღარ არსებობს. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, განსაკუთრებით იმ ადამიანების გასაგონად, ვინც დაინტერესებულია, ხელისუფლებისა და კოალიციის დასუსტებით – “რესპუბლიკური პარტია” არსად არ მიდის. “რესპუბლიკურმა პარტიამ” ბიძინა ივანიშვილთან ერთად “ქართული ოცნება” დააფუძნა იმ ღირებულებებისთვის, რომლის გამოც თქვენ დაგიპირისპირდით. ვრჩებით ამ ღირებულებების ერთგული, ვიბრძოლებთ ბოლომდე “ქართულ ოცნებაში” იმისთვის, რომ ეს ღირებულებები იყოს მთავარი პრიორიტეტი, გახდეს კანონმდებლობის ნაწილი და ამ ღირებულებებით იმართებოდეს ქვეყანა – ადამიანის ღირსების, პატივის, პირადი ცხოვრების, თავისუფლების და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ დღის წესრიგს, დარჩენილი ორი წლის მანძილზე ბოლომდე მოვიყვანთ”, – მიმართა ხიდაშელმა “ნაციონალურ მოძრაობას”.
პარლამენტი ფარული მოსმენების “გასაღებზე” ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსაჯელობს. ცნობილია, რომ “რესპუბლიკელთა” ფრაქცია აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს.