ბათუმში სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი ჩატარდა
საქართველოს მთავარი პროკურატურა ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეულს მართავს.
პროკურატურის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
რაიონული პროკურატურების წარმომადგენლები სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში საზოგადოებას ხვდებიან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარეზე და ასევე მათ უფლებებზე ინფორმაციას აწვდიან.
„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის“ ფარგლებში ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ საინფორმაციო სახის სემინარი ჩაატარა.
შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში შედგა. სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე იმ სამართლებრივი საკითხების შესახებ ესაუბრა, რაც ახლავს ოჯახში ძალადობასა და არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს. პროკურორმა სტუდენტებს ასევე აუხსნა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ მათ გარშემო არსებობს მსგავსი ძალადობის ფაქტები.
„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას, იმისათვის, რომ მოხდეს ამ ტიპის დანაშაულის პრევენცია.