პარლამენტში ერთმანეთს კობახიძე და გოგორიშვილი დაუპირისპირდნენ
პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ხმაურით დაიწყო.
დაპირისპირების მიზეზი ანტიანექსიური რეზოლუციის რეგისტაციის საკითხი გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ პროექტის დღევანდელ სესიაზე გატანას ითხოვდა, თუმცა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ რეგლამენტი მოიშველია და განაცხადა, რომ რადგან უმცირესობამ პროექტი ბიუროზე ვერ წარადგინა მისი დარეგისტრირება და, შესაბამისად, სესიაზე გატანა ვერ მოხერხდება.
„არ არის ამ წუთას მოტანილი დოკუმენტები. კომიტეტი წარმოადგენს და შევა დღის წესრიგში“, – განაცხადა კობახიძემ.
ვიცე-სპიკერის ამ განმარტებას მასსა და დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„ტექსტი არათუ შემოტანილია, არამედ პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და სირცხვილია იმაზე ლაპარაკი, რომ აპარატს ტექსტი არ აქვს“, – აღნიშნა გოგორიშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებას ითხოვს. მმართველ გუნდის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული პროექტის ზოგიერთ პუნქტს იწუნებს და ალტერნატიულ დოკუმენტზე მუშაობს.