„მაჟორიტარების არსებობის არსია ის, რომ საკუთარი ბიზნესები „დაკრიშონ“

„მაჟორიტარი დეპუტატების ფუნქციაა, შესარულონ მორჩილი უმრავლესობის როლი და „დაკრიშონ“ საკუთარი ბიზნესები“,- აღნიშნული განცხადება საარჩევნო სისტემებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
ახვლედიანის განცხადებით, დღეს არსებული საარჩევნო სისტემა იძლევა საშუალებას, მცირე რაოდენობით ხმის მიღების შემთხვევაშიც უმრავლესობა რომელიმე ძალამ მაჟორიტარული ოლქების საშუალებით მოიპოვოს.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი რეგიონების ქალაქებში არჩეული მერებისა და გამგებლების პირობებში პარლამენტში მაჟორიტარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„150 -ვე დეპუტატი უნდა აირჩეს პროპორციული სიით. ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები ბნელ წარსულში უნდა დარჩეს. ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. ყველა მათგანი გვეუბნება, რომ ეს აუციილებლად უნდა გაუქმდეს. ეს არის ქართული საარჩევნო სისტემის დაღუპვა. ხელისუფლების ხელში მაჟორიტარების საშუალებით მანიპულირების დიდი შესაძლებლობა არსებობს. იღებ ცოტა ხმას მოსახლეობიდან და საკრებულოში, ან პარლამენტში შეგყავს ბევრი დეპუტატი. 2008 წელს საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალებმა“ 56% აიღეს, მაგრამ პარლამენტში შეიყვანეს 89% დეპუტატებისა. არცერთი მაჟორიტარი არავის არ წარმოადგენს. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთა ძირითადი საქმიანობაა შეასრულონ მორჩილი უმრავლესობის ფუნქცია, დააჭირონ ღილაკზე ხელი და თავიანთი ბიზნესების „დაკრიშვა“, ლობირება მოახდინონ. ესაა მაგათი არსებობის არსი. ადამიანებს არჩეული მერის და გამგებლის პირობებში აქვთ საშუალება პრობლემების მოსაგვარებლად მათსავე მუნიციპალიტეტებს მიმართონ. იმედიანად ვართ განწყობილი, რადგან დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალები ოპოზიციაში ყოფნისას ამ მანკიერი ერთმანდატიანი სისტემის გასაუქმებლად ჩვენთან ერთად იბრძოდნენ“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ახვლედიანმა იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში საკონსტიტუციო საბჭოში საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები