კარასინი: ანექსიის შესახებ მოგონილი თეზისების შესახებ „აღმოსავლური პარტნიორობის“ შემქმნელებს მოჰკითხეთ

რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, დაინტერესებულია იმაში, რომ მისი ყველა მეზობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში რუსეთსა და დეფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა. კარასინის თქმით, ძლიერი სახელმწიფო – რუსეთი ყოველთვის არის პასუხისმგებელი საკუთარი საზღვრების ფარგლებში სტაბილურობაზე და იმაზე, თუ რა ხდება საზღვრების პერიმეტრზე.
„ამაზე ყოველთვის ვხარჯავდით და დავხარჯავთ კიდევაც ბევრ ძალას, ნერვებს, ფინანსებს. ერთი სიტყვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 6 წელია ჩვენი პარტნიორები არიან – ჩვენ ისინი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ვაღიარეთ. არანაირ ანექსიაზე საუბარი არ არის. ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე დოკუმენტია, სადაც პრაქტიკულად ყველა სფეროში ურთიერთქმედების გაფართოვებაზე, უსაფრთხოების საერთო სივრცის განმტკიცებაზეა საუბარი და ეს სივრცე ნამდვილად საერთო გვაქვს, რადგან აფხაზეთი რუსეთს ესაზღვრება“, – განაცხადა კარასინმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ იმისგან, რაც აფხაზეთის გარშემო ხდება – რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებაა დამოკიდებული და პირიქით, იმისგან, რაც რუსეთის გარშემო ხდება, ამაზე აფხაზეთის უსაფრთხოებაა დამოკიდებული. „ასე რომ, ანექსიის, ექსპანსიის შესახებ მოგონილი თეზისების შესახებ – „აღმოსავლური პარტნიორობის“ მსგავსი პროგრამების შემქმნელებს მოჰკითხეთ“, – აღნიშნა კარასინმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და დე ფაქტო აფხაზეთმა 24 ნოემბერს სოჭში თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები