ლევან იზორია: ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით წელს დაახლოებით 600-მდე პოლიციელი გადამზადდა

შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა, მოწმეთა და ეჭვმიტანილთა დაკითხვის შესახებ სემინარი გახსნეს. სემინარი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის.
როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება გენდერული ძალადობის პრევენციას.
“სემინარის თემაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის გამოკითხვის წესი, ასევე ბრალდებულების გამოკითხვის წესი. შესაბამისად, ჩვენ ამ მომზადების კურსს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომავალშიც გავაგრძელებთ. წელს დაახლოებით 600-მდე პოლიციელი გადამზადდა ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით და შესაბამისად, ჩვენ ამ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, კონკრეტულად კი ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ, მომავალშიც ჩვენს პარტნიორებთან გავაგრძელებთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ამერიკის შეეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შს სამინისტროს ულოცავს აშშ-სთან თანამშრომლობას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში.
“მსურს შსს-ს მივულოცო ჩვენთან თანამშრომლობა და ის დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება გენდერის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს. მნიშვნელოვანია, რომ მობილიზება ხდება საზოგადოებრივი აზრის. ეს პრობლემა არის მრავალი ქვეყნისთვისაც “, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები