პრემიერ-მინისტრმა ქედაში ღვინის ახალი ქარხანა გახსნა (ვიდეო)

   კიდევ ერთი ახალი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსებით – პრემიერ-მინისტრმა ქედაში დღეს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ღვინის ახალი ქარხანა გახსნა.
საწარმო, რომელიც დასავლეთ საქართველოს უნიკალური ყურძნის ჯიშების მიღება-გადამუშავებას განახორციელებს, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად დაათვალიერა. პრემიერმა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და შეღავათიანი აგროკრედიტის წარმატებულ პროექტზე ისაუბრა.
„რაც შეეხება კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობას, ამ დარგში ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები მართლაც ძალიან წარმატებულია. 2 წლის განმავლობაში, რთველიდან მიღებულმა მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს მიაღწია. ასევე, 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 250 პროცენტით გაიზარდა. წარმატებულმა შედეგებმა მეტი სტიმული მისცა გლეხებს, ფერმერებს. რეგიონებში დაიწყო ახალი ვენახების ინტენსიური გაშენება. შენდება ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების ნერგები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ღვინის ქარხნის მშენებლობისთვის სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით 600 000 აშშ დოლარი გამოიყო, განხორციელებული ინვესტიცია კი მილიონ ლარს შეადგენს.
უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიით, ცისტერნებითა და სამაცივრე მეურნეობებით აღჭურვილი ქარხანა, გურია-აჭარის უნიკალური ყურძნის ჯიშებს მიიღებს და სრული დატვირთვის პირობებში 1000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_eTqxUe9cW8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები