ზარიძეების თემის 6 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა
თიანეთის მუნიციპალიტეტში, ზარიძეების თემში შემავალი 6 სოფლის 800 ოჯახი 24- საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა და 2500-მდე ადგილობრივი მოსახლე უწყვეტ რეჟიმში სასმელად მაღალი ხარისხის გაფილტრულ წყალს იღებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგებს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად პირადად გაეცნო.
მინისტრი ზარიძეების თემის მაცხოვრებლებს შეხვდა დასაბავშვო ბაღის ეზოში ონკანი პირველად სწორედ მან გახსნა.
სამუშაოების დასრულებამდე ადგილობრივი მოსახლეობა წყალს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა დაურეგულირებელი გრაფიკით, დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათით იღებდა. პროექტის ფარგლებში მდინარე ვერხველზე ახალი წყალმიმღები ნაგებობა მოეწყო, სადაც რეზერვუარებისა და წყალსადენის ქსელების დამონტაჟდა. სამუშაოები ზარიძეების, ვერხველის, ჯიჯეთის, იარაჯულების, ხოფცასა და საკრეჭიოცის სოფლებში მიმდინარეობდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 40 კმ-მდე მაგისტრალური წყალსადენის ქსელსაც. ობიექტზე 120 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია. ზარიძეების თემის 6 სოფლის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარით დაფინანსდა.