რატომ დაურეკა და რა სთხოვა მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ღლონტს 15 ნოემბრის აქციის წინ

   „პარტია „რეფორმატორები“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დავით მიროტაძემ და პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჟამუტაშვილმა „ნაციონალების“ მიერ ორგანიზებული 15 ნოემბრის აქციის გამო დატოვეს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა გააკეთა.
ღლონტის განცხადებით, პარტიის წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ „ნაციონალების“ მიერ ორგანიზებულ 15 ნოემბრის აქციასთან მიმართებაში. პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, პარტიიდან უკვე წასულ წევრებს სურდათ, პარტიას აქციაში მონაწილეობა მიეღოთ და რუსთაველზე გამართულ აქციაზე მისულიყვნენ, როგორც „რეფორმატორების“ წარმომადგენლები, თუმცა, ღლონტის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა და აქციაში მონაწილეობა სთხოვა, პარტია აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას არ აპირებდა.
„ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა. პარტიამ გადაწყვიტა, რომ არ შეერთებოდა 15 ნოემბრის აქციას. მე დამირეკა პირადად მიხეილ სააკაშვილმა და აქციაში მონაწილეობა მთხოვა, მაგრამ მაინც არ მივსულვარ. ამ ადამიანებს კი სურდათ ამ აქციაში მიეღოთ მონაწილეობა და ეს გახდა ჩვენს შორის შეუთანხმებლობის საგანი“,- განაცხადა ირაკლი ღლონტმა.
„კვირა“ დაინტერესდა, რა ურთიერთობა ჰქონდა ირაკლი ღლონტს ყოფილ პრეზიდენტთან და რამდენად ხშირად ურეკავს მას მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური თანადგომის კუთხით.
ღლონტის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის თხოვნა საქმიანი იყო და არა მეგობრული. მან გამორიცხა, რომ „რეფორმატორები“ შეიძლება ყოფილიყვნენ, ან არიან ვინმეს სატელიტები.
„ხშირად არ მირეკავს და არც მეგობრული თხოვნა ყოფილა. ეს პოლიტიკოსის მიერ მეორე პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული საქმიანი წინადადება იყო“, – აღნიშნა ღლონტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები