„მოსმენების ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს“
„მომეტებული კრიმინალის ფონზე არ ვაპირებ ხელისუფლებისა და პრემიერის ოპონირებას და მზად ვარ, მხარი დავუჭირო „გასაღების“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და პერსონალური დაცვის ინსპექტიორისთვის გადაცემას“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა გააკეთა.
ღლონტის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გულისხმობს იმასაცმ რომ მეტად გაიზარდოს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
„რეფორმატორების“ ლიდერის თქმით, კანონის ვადად, რომლის მიხედვითაც ე.წ. გასაღები შსს-ს გადაეცემა, 2016 წელი უნდა განისაზღვროს. ახალი პარლამენტის დაკომპლექტების შემდეგ კი გადაიხედოს.
„ თეორიულ დონეზე სწორად მიმაჩნია, სასამართლოს გვერდის ავლით არ განხორციელდეს ფარული მოსმენები და მიყურადება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მომეტებული კრიმინალის ფონზე არ ვაპირებ ხელისუფლებისა და პრემიერის ოპონირებას და მზად ვარ, მხარი დავუჭირო „გასაღების“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და პერსონალური დაცვის ინსპექტიორისთვის გადაცემას. არ მინდა, რომ მომეტებული კრიმინალის ფონზე ხელისუფლებამ თავი იმართლოს იმით,რომ ჩვენ ხელი შევუშალეთ კრიმინალთან ბრძოლას. პარლამენტს და მთავრობას ვთავაზობთ ინიციატივას, რომ საკანონმდებლო აქტის მოქმედების ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 2016 წლისა“, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.