დავით ნარმანია: დათქმულ ვადაში ვასწრებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს

მთაწმინდის რაიონში, გოგებაშვილის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის მოასფალტება მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 4 ოქტომბერს დაიწყო, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან და მთაწმინდის გამგებელთან, გელა არჩვაძესთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენ მოსახლეობას დავპირდით და დათქმულ ვადაში ვასწრებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გოგებაშვილის ქუჩაზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება. დღეს იგება გზის პირველი საფარი, რის შემდეგაც დაიგება მეორე ფენა. გარდა ამისა, ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული გზების შეკეთება დედაქალაქის სხვა რაიონებშიც, რათა ზამთრის პერიოდს მომზადებული შევხვდეთ და უმტკივნეულოდ გადავიტანოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, პროექტის ფარგლებში კაპიტალურად შეკეთდება მთლიანი ქუჩა საერთო ფართობით – 5 600 კვადრატული მეტრი. მისივე თქმით, უკვე დასრულდა გრუნტის მოწყობის, აგრეთვე, წყლისა და კანალიზაციის ჭების ამოწევის სამუშაოები, დასასრულს უახლოვდება ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს „სამშენებლო სატრანსპორტო კომპანია“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები