უკრაინის საპარლამენტო პარტიებმა ერთიანი კოალიცია შექმნეს

უზენაესი რადას ხუთივე საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმების პარაფირება მოახდინეს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
„ჩვენ კოალიციური შეთანხმების პარაფირება მოვახდინეთ. აქ 5 პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების ხელმოწერებია. იმ წარმომადგენლების, რომლებიც კოალიციური შეთანხმების ტექსტზე მუშაობდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა ოქსანა სიროედმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარაფირებას ინტრიგა უძღვოდა წინ. 4 პარტიის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს, „პეტრე პოროშენკოს პარტია“ კი ღამემდე ატარებდა მოლაპარაკებებს და კოლეგებს მოგვიანებით, ყველაზე ბოლოს შეუერთდა. მოლაპარაკებების შინაარსი უცნობია.
სავარაუდოდ, დოკუმენტის ტექსტის საბოლოო ვარიანტის პრეზენტაცია კიევში დღეს გაიმართება.
მანამდე გავრცელებული იყო, რომ შეთანხმების პროექტში კიევის ძალაუფლების აღდგენა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მთელ ტერიტორიაზე იყო გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით ამბოხის მიმართ „მრავალმხრივი წინააღმდეგობა“ და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სასარჩელო ომი იყო დეკლარირებული. გარდა ამისა, შეთანხმება რეფორმების სიას შეიცავს: სასამართლოს და სამართალდამცავების ორგანოების სისტემების, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის, ანტიკორუფციული რეფორმები. დოკუმენტი ასევე ევროპასთან დაახლოების კურსის აღდგენას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები