აშშ საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის – პენტაგონის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის,- ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, აშშ საქართველოს მადლობას უხდის სურვილისთვის, მხარი დაუჭიროს აშშ-ის ძალისხმევას გუანტანამოს ციხის დახურვასთან დაკავშირებით.
„ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა უზრუნველყოს, რომ პატიმართა ტრანსფერი უსაფრთხოებისა და ადამიანური მოპყრობის ზომების შესაბამისად განხორციელდეს”, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. “ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, “გუანტანამოს” ციხე ოთხმა იემენელმა დატოვა, რომელთაგან სამი იემენელი პატიმარი საქართველოში იქნა გამოგზავნილი.
საპატიმრო კიდევ ერთმა ტუნისელმა დატოვა, რომელიც სლოვაკეთში ერთ იემენელთან ერთად გაიგზავნა.
“ძალიან მოხარულები ვართ, ჩვენი პარტნიორების მიერ გამოხატული ამ ჰუმანური ჟესტით. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისგან ვიღებთ”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კლიფ სლოანმა.
აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2010 წელს გუანტანამოს ციხიდან საქართველოში სამი პატიმარი იქნა გამოგზავნილი.
2009 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ინაუგურაციის მეორე დღესვე მოაწერა ხელი. თუმცა, კონგრესის უარის გამო ციხე ამ დრომდე არ დახურულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები