თბილისის 2015 წლის ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

„თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები იქნება“, – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
2014 წელთან შედარებით, 2015 წლის ბიუჯეტი 27 მილიონით გაიზარდა და, ჯამში, 799 მილიონი შეადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტი სოციალურად დაუცველთათვის დახმარებების მატებას, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას,ხიდების რეაბილიტაციას და ბევრი სხვა არსებული პროგრამის დაფინასების გაზრდას და ახალ პროგრამებს ითვალისწინებს.
„ ახალი ბიუჯეტის მიხედვით ვაუჩერის თანხა ორმაგდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარება შვილზე 25 ლარის ნაცვლად იზრდება და მიიღებენ 50 ლარს. სოციალურად დაუცველთა მუხლში რამდენიმე ახალი პროგრამაა დამატებული. ჯამში, მომავალ წელს განსახორციელებლად 21 ახალი პროგრამა დავამატეთ. 8 მილიონით გაიზარდა საბავშვო ბაღებთან მიმართებაში გამოყოფილი თანხები. მომავალ წელს აშენდება 8 ახალი ბაღ. რემონტდება უკვე არსებული ბაღები. ფაქტობრივად, 4000 ბავშვისთვის ჩნდება ადგილი. ახალი ბაღები, ბუნებრივია, პედაგოგებს და სხვა პერსონალის დანიშვნას მოითხოვს და ახალი სამუშაო ადგილები იქმნება “, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ჯაბა სამუშია ოპონენტთა ბრალდებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საბავშვო ბაღის პედაგოგებს მგზავრობისას შეღავათები უუქმდებათ. ამ განცხადებას სამუშიამ სიცრუე უწოდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში პედაგოგებისათვის შეღავათები უცვლელი დარჩა, მისი თქმით, იხილება ისიც, რომ საერთოდ უფასო გახდეს მათთვის მგზავრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები