საკრებულოში დღეიდან თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება
თბილისის საკრებულოში დღეიდან დახურულ ფორმატში დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა იწყება. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მერიის საფინანსო ჯგუფი პირველად დახურულ ფორმატში საკრებულოს უმრავლესობას შეხვდება, რის შემდეგაც სურვილის შემთხვევაში გაიმართება საფინანსო ჯგუფის შეხვედრა საკრებულოში შემავალ სხვა ფრაქციებთანაც.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სხდომის დახურვის მიზეზებზეც ისაუბრა, მისი განცხადებით, შეხვედრა არ არის პოლიტიკური ხასიათის, მხარეებს შორის საუბრისას განიხილება დეტალები, რომლებიც, სამუშიას განცხადებით, მედიისთვის საინტერესო არ იქნება.
„საკრებულოში დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი პარასკევს შემოვიდა. დღეს გვაქვს დახურული სამუშაო შეხვედრა მერიის საფინანსო ჯგუფთან. საუბარი შეეხება დეტალებს, იქნება ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და არა პოლიტიკური ხასიათის. სურვილის შემთხვევაში ასეთივე შეხვედრის გამართვის საშუალება სხვა ფრაქციებსაც აქვთ. ბიუჯეტის განხილვას ორსაბათს საფინანსო კომისიის სხდომა დაასრულებს, რის შემდეგაც შენიშვნები მერიაში გადაიგზავნება“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი 799 მილიონ ლარს შეადგენს.