გიორგი კვირიკაშვილი გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანული კომპანიების წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში ორმხრივ ბიზნეს-შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას ბიზნესის სფეროში და იმ საინვესტიციო პროექტებს, რომელთაც გერმანული კომპანიები საქართველოში ახორციელებენ. გერმანელმა ბიზნესმენებმა დიდი ინტერესით მოისმინეს საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ქვეყანაში სამეწარმეო და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ გაიზრდება გერმანული საქმიანი წრეების ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ, რაც აისახება ინვესტიციების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. საქართველოში გერმანელი ბიზნესმენების ჩამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტის დროს გადაწყდა. დელეგაციის წარმომადგენლები, ქართულ-გერმანულ ბიზნეს- შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში განიხილება ცალკეული საინვესტიციო პროექტები და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკურ და ბიზნესწრეებს შორის. შეხვედრას დაესწრებიან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საქართველოს საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების წარმომადგენლები.